ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან
24 სექტემბერი 2019ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში - თბილისის საკრებულოს შენობაში დღეს ამ სახელწოდებით კონფერენცია გაიხსნა, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმართა.
„როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის და თვითმრთველობის განვითარებაზე, ძალიან ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ვიცით, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ხშირად გვავიწყდება რა გზა გამოვიარეთ, სულ რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ავტორიტარული საპრეზიდენტო მმართველობა გვქონდა, ადგილობრივი თითმართველობის ხელმძღვანელები ინიშნებოდნენ პრეზიდენტის მიერ და ასევე მარტივად იხსნებოდნენ სამსახურიდან თუ არ შეესაბამებოდნენ გაცხადებულ პოლიტიკას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, დღეს თვითმმართველობების ხელმძღვანელებს მოსახლეობა ირჩევს პირდაპირი წესით და კონსტიტუციის დონეზეა გამყარებული სტანდარტი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლს განსაზღვრავს.
„ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ინიციატივა, რომელიც 2025 წლამდე თვითმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად და მთლიანი შიდა პროდუქტის 7 %- მდე ადგილობრივი თვითმართველობებისთვის გადანაწილებას გულისხმობს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილებზე მეტი ფუნქციისა და მართვის რეალური ინსტრუმენტების გადაცემა. ყველაფერი ეს უკვე აისახა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელსაც სულ ცოტა ხანში იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამბიციური დღის წესრიგის ფარგლებში, უკვე წელს ადგილობრივ თვითმართველობებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა და შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ გაეფართოებინათ კომპეტენცია მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ნაწილში. ასევე, გამარტივდა გრანტების, სესხების აღების წესები და შეიცვალა დაფინანსების ფორმულა.
„ეს არის მაგალითი იმისა თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღებამდე. მომავალი წლისთვის გვაქვს არანაკლებ ამბიციური გეგმები როგორც სერვისების განვითარების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის უპრეცედენტო მასშტაბისა და რაოდენობის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ მუნიციპალიტეტებში. ასევე, ძალიან კარგად გვესმის მოქალაქეების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმართველობა არის ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან. ამიტომ, ბუნებრივია მაქსიმალურად ვცდილობთ მუნიციპალიტეტების მართვის პროცესში უშუალოდ მოქალაქეების ჩართულობას შევუწყოთ ხელი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, ევროსაბჭოს 70-ე წლისთავს და კონგრესის 25-ე წლისთავს ეძღვნება.